Wednesday, October 14, 2015

როგორ დავანებოთ ამ მავნე ჩვევას თავი?

სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება ყველა პირობებში ძალიან ძნელია. სიგარეტის მოწევას თავს ვერ დაანებებთ, თუ არ იცით, ეს როგორ გააკეთოთ. ამისათვის არ არსებობს რამე საუკეთესო გზა. ზოგი ადამიანი სიგარეტს თავს ანებებს უეცრად და, როგორც ამბობენ, ეს ყველაზე ეფექტური გზაა. ამ პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მართალია, მეტი ინტენსიურობით იჩენს თავს, მაგრამ მალე ქრება. ზოგი ამჯობინებს სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს თანდათანობით. ასეთ დროს ამ პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ნაკლებად აწუხებს მას, მაგრამ, სამაგიეროდ, უფრო ხანგრძლივად...
თუ თქვენ სცადეთ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას და არაფერი გამოგივიდათ, არ შეშინდეთ, სცადეთ კიდევ ერთხელ, რადგან ბოლოს და ბოლოს აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.
რამდენიმე წესი იმისათვის, თუ როგორ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას:
1.დანიშნეთ ამისათვის ზუსტი დღე. უმჯობესია, რომ ეს დღე იყოს უახლოეს მომავალში;
2. სანამ მოწევას თავს დაანებებთ, აღნიშნეთ, რა სიხშირით ეწევით და უფრო ხშირად რა საქმიანობის დროს;
3. ჩამოთვალეთ მიზეზები, თუ რატომ გინდათ დაანებოთ თავი სიგარეტს;
4. უთხარით ყველას, რომ სიგარეტის მოწევას თავს ანებებთ, არ დამალოთ, სთხოვეთ თქვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ყოველნაირად ხელი შეგიწყონ, დაგეხმარონ;
5. სიგარეტის მოწევას დაანებეთ თავი ზუსტად თქვენ მიერ დანიშნულ დღეს. აღარ შეინახოთ სიგარეტი სახლში და ეცადეთ უარი თქვათ სხვის მიერ შემოთავაზებულ ერთ ღერზეც კი;
6. მოახდინეთ თქვენი ყურადღებისა და ძალების მობილიზაცია, რომ მიმდინარე დღეს არ მოსწიოთ სიგარეტი, ნუ ინერვიულებთ ხვალინდელ დღეზე ან მომავალ კვირაზე;
7. შეეცადეთ მომავალ დღეებში აიცილოთ თავიდან ის საქმიანობა, რომელიც სიგარეტის მოწევასთან იყო დაკავშირებული ან სიგარეტს გაგონებთ;
8. უმჯობესია დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რომლის დროსაც სიგარეტის მოწევა არ გაგახსენდებათ ან, თუ ძალიან გაგიჭირდებათ, მიიღეთ შხაპი ან იცურავეთ, რადგან ამ დროს ფიზიკურად ვერ შეძლებთ მოწევას;
9. დააჯილდოვეთ თქვენი თავი: იმ ფულით, რაც დაზოგეთ სიგარეტის თავის დანებების გამო, იყიდეთ თქვენთვის რაიმე სასიამოვნო ან დააგროვეთ ფული სასურველი მოგზაურობისათვის;
10. ხშირად გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ სიგარეტის თავის დანებება არის თქვენთვის ძალიან სასარგებლო, გადახედეთ ხოლმე ზემოთ აღნიშნული მიზეზების სიას, დაუხატეთ თქვენ თავს მომავალი ჯანმრთელი და კომფორტული ცხოვრების სურათი.
თამბაქოს წევა არის პირდაპირი გზა დაავადებისაკენ, სიცოცხლის შემოკლებისაკენ. თამბაქოს წევის მავნე ჩვევის მინებება ყოველთვის შეიძლება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სურვილი და ნებისყოფა.
                                       გისურვებთ წარმატებებს!

No comments:

Post a Comment