Sunday, October 11, 2015

თამბაქოს მავნე ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე



საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყველა ორგანოზე და, შესაბამისად, ყველა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიტი და გინგივიტი.
თამბაქოს წევა იწვევს სისხლძარღვულ ცვლილებებს. ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები, მათ კედლებში წარმოქმნილი ტროფიკული ცვლილებები კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების განვითარებას. ნიკოტინი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ადიდებს მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის კუნთის და ტვინის სისხლძარღვების დაავადების რისკს. კარდიოლოგთა მონაცემებით, თამბაქოს მწეველთა შორის მიოკარდიუმის ინფარქტით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე არამწეველთა შორის.
გასაკვირი არ არის, რომ თამბაქოს მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებებისქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ბრონქოექტაზიისა და ემფიზემის სიხშირე; ბრონქებისა და ბრონქიოლების ლორწოვანი გარსის სისტემატური გაღიზიანება იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს, რაც ზოგჯერ მთავრდება ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით. სამრეწველო საწარმოების გამონაყოფებით და ავტოტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვი აირებით დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის და ბოლის ერთდროული შესუნთქვაც, ცხადია, კიდევ უფრო ზრდის სასუნთქი სისქემის დაავადებათა სიხშირეს.

თამბაქოს წევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია ფილტვის კიბოთი დაავადება. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში. ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ნიკოტინის ფისში .. კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ნივთიერებისა და რადიაქტიური ელემენტისპოლონიუმის შემცველობა.
დადგენილია, რომ მწეველთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა 95% მწეველები არიან.
ნიკოტინის შხამი მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, უფრო მეტად კი თირკმელზედა ჯირკვლებზე. თირკმელზედა ჯირკვლები წარმოადგენს წყვილ ჰორმონულ ჯირკვალს, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმის ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციაზე. ისინი სისხლში გამოყოფს ისეთ საშუალებებს, ადრენალინი და ნორადრენალინი (კატექოლამინები). ისინი სისხლის გზით გადადიან სხეულის სხვადასხვა უბანში და ზემოქმედებას ახდენენ შინაგანი ორგანოების ნერვულ აპარატზე. ნიკოტინის მცირე დოზა კატექოლამინების გამოყოფას აძლიერებს, ხოლო დიდი დოზა კი ამცირებს მათ გამოყოფას. ამის შედეგად ნიკოტინის მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის დონის მომატებას, ხოლო დიდი დოზა კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დათრგუნვას. სწორედ ამით აიხსნება ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი დაწევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას და სიკვდილს.

თამბაქოს წევის ნიადაგზე ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში. თამბაქოს მწეველების, – რომლებიც სისტემატურად ყლაპავენ ნერწყვს და მასში შემცველ თამბაქოს წვის პროდუქტებს, – კუჭში კანცეროგენული ნივთიერებაც ხვდება.
ნიკოტინი ნაადრევად უკარგავს მადას ადამიანს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების მოშლას, ვითარდება ვეგეტატიური დარღვევებიძლიერდება კუჭის სეკრეცია, მკვეთრად მატულობს კუჭისა და ნაწლავების კატარული მდგომარეობისა და წყლულის განვითარებისათვის. თამბაქოს მწეველებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება 2-3-ჯერ უფრო ხშირია.
ნიკოტინი უარყოფით გავლენას ახდენს სასქესო ჯირკვლებზეც. იგი ხელს უწყობს სქესობრივ უძლურებას. ნიკოტინით ინტოქსიკაციის შეწყვეტა განაპირობებს სქესობრივი ფუნქციის აღდგენას.
გარდა მძიმე დაავადებებისა, თამბაქო იწვევს ჰიგიენურ პრობლემებს. კერძოდ: პირიდან და თმებიდან უსიამოვნო სუნს, თითებისა და კბილების გაყვითლებას, ტანსაცმელს საფერფლის სუნი ასდის და ა. შ.

ü  ეს იყო კიდევ ერთი სტატია იმის შესახებ თუ რატომ უნდა გამოვუცხადოთ თამბაქოს ომი და ამ ომში დამარცხება ვაწვნევინოთ მას!
Ø  აი, კიდევ ბევრი ფაქტი თამბაქოს, როგორც  სერიული მკვლელის წინააღმდეგ!
J  აი, სტიმული იმისა, რომ ცხოვრება ბევრად ლამაზი და მშვენიერია თამბაქოს გარეშე!
ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!

No comments:

Post a Comment