ალბათ, საინტერესოა გავეცნოთ ამ მრავალწლოვანი მცენარის-თამბაქოს წევის ისტორიას, თუ საიდან მომდინარეობს ეს მავნე ჩვევა და როგორი იყო საზოგადოების შეხედულებები მასთან დაკავშირებით საუკუნეების მანძილზე.
თამბაქოს წევის ისტორია
ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე(ძვ.წ. V ს.) აღნიშნავს, რომ სკვითები და აფრიკის უძველესი მცხოვრებნი ეწეოდნენ რაღაც მცენარეს და მის ბოლს ისუნთქავდნენ, უძველეს ჩინურ სურათებზე გამოსახულია ჩიბუხები, რომლებიც იხმარებოდა მცენარეთა ბოლის ჩასასუნთქად...
თამბაქოს სამშობლო ამერიკაა. ცენტ. და სამხ. ამერიკის მიწაზე ამ მცენარის მრავალი სახეობა იზრდება. აქ დახვდა თამბაქო 20-30 ათასი წლის წინ აზიიდან გადმოსახლებულ ხალხს.

ძველ ამერიკაში თამბაქოს ზებუნებრივ თვისებებს მიაწერდნენ. მას წვავდნენ მარადიულ სამსხვერპლო ცეცხლში კეთილი ღმერთების სადიდებლად და ავი სულების საამებლად. აცტეკთა ქურუმები თამბაქოს მცენარით მორთავდნენ თავიანთ სამლოცველოებს, ბოლით კი თავს იბრუებდნენ, რათა ღმერთებთან კავშირი დაემყარებინათ. როდესაც ომგადახდილი ლაშქარი ტენოჩტიტლანში ბრუნდებოდა, უხუცესებს მოჰქონდათ ტაფები მხრჩოლავი თამბაქოთი და ბოლს უკმევდნენ გამარჯვებულ მხედართმთავარს.

თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ თამბაქო მრავალი დაავადებისგან განკურვის საშუალება იყო. მაგრამ მიუხედავად მრავალი ცდისა, ვერც ამერიკის მკვიდრთა მრავალსაუკუნოვანმა დაკვირვებამ და ვერც ევროპელთა 300 წლის გამოცდილებამ ვერ დაადასტურა მითი თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ. ამის საფუძველზე ოფიციალურმა მედიცინამ უარი თქვა თამბაქოსა და ნიკოტინზე ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში...

ადრევე შემოსულა თამბაქო საქართველოში. გვიანფეოდალური ხანის ნაქალაქარებსა და ნასოფლარებში აღმოჩენილია გამომწვარი კერამიკის სხვადასხვანაირი ჩიბუხები და ყალიონები.თამბაქო გვხვდება სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“(„თამბაქო სხვათა ენაა, ქართულად გლარჯა ჰქვია“). ვახუშტი ბაგრატიონის წიგნში „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“ ნათქვამია, რომ თამბაქოს აშენებდნენ ქვემო ქართლში, დებედეს ხეობაში.
პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ იოჰან გულდენშტეტის 1772 წლის ცნობით, თამბაქოს ხონშიც აშენებდნენ.
No comments:
Post a Comment